„ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა“ -ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს

loading...

ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლის ეკა ტოგონიძის დედამთილი შარშან გარდაიცვალა. მაშინ ჟურნალისტმა ამ ამბავს ვრცელი პოსტი მიუძღვნა. მას მერე ერთი წელი გავიდა და ეკა ტოგონიძე მორიგი ემოციური ჩანაწერით გამოეხმაურა:

"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა.
გააზრება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ წლისთავზე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ როგორღაც გადავეჩვიე ფიქრს: „ამას ვეტყვი, იმას მოვუყვები, ეს გაუხარდება, ამაზე გაეცინება... კარზე ზარია, ხომ არ მოვიდა?!...“ მოგზაურობისას ქარვის ბეჭდებისკენ აღარ გამირბის თვალი, არც თაფლისფერ შარფებს ვათვალიერებ, შევეშვი, როგორც იქნა, დავიმახსოვრე - ვისთვისაც ვარჩვედი, აღარ არის.


ეს საჩუქრები ახლა სულ სხვანაირად უნდა ვაკეთო... ისევე აბსტრაქტულად, როგორიც მისი არსებობაა. რთულია.


ისევ დავრწმუნდი, რომ თუ ტკივილს არ გაექცევი და ბოლომდე ჩაყვები, მისცემ უფლებას, გული სრულად მოგიწუროს, მერე რეალობის აღქმაც ადვილდება - ეჩვევი ამოუვსებელ სიცარიელეს და იცი, რომ ნამდვილად აღარაა, აღარც იქნება. დაკრძალვიდან რაღაც დროის შემდეგ საკუთარ თავშიც იწყებ დასაფლავებას, ნელა, წინააღმდეგობებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ახერხებ. კიდეც მშვიდდები, აღარ წრიალებ, აღარ ეძებ, წყვეტ აბსურდულ სიბრაზეს, რომ ყველაფერი ასე „უსამართლოდ“ მოხდა, თავდაუზოგავმა მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა, სხვებს ეშველათ, მას - არა... ასეა და მორჩა. 
ბევრჯერ დამესიზმრა, ბევრჯერ მეწყინა გაღვიძება. ბევრჯერ გულით ვინატრე, რომ ასე ძლიერად არ მყვარებოდა. როცა ჩემი ოჯახის წევრებში მის თვისებებს ვხედავ, მისი უნიკალური ხასიათის პატარ-პატარა გაბნეულ მძივებს ვპოულობ თუთას, რატის, კირას, დეიდების, სალოს გამოხედვაში, გაღიმებაში, ამოოხვრაში, დაფიქრებაში, უკვე ვიცი, რომ ამ უხილავ, მოუხელთებელ არსებობას უნდა დავჯერდე. ჩახუტებით ვეღარ ჩავეხუტები (როცა მისთვის ტანსაცმლის შერჩევა მინდოდა, ზუსტად ასე ვზომავდი, ვეხუტებოდი და ხელებით ვიმახსოვრებდი, რამსიგანე უნდა ყოფილიყო ზედა ან კაბა)... საჩუქარს ჯერ მსაყვედურობდა დამერე გემრიელად, ამაყად ატარებდა. სასაცილოა, ტანსაცმელზე და ნივთებზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ხომ სწორედ ამ პატარა სატყუარებითაა გამსუბუქებული...


დღემდე მხვდებიან ადამიანები, ვისაც ჩემი ერთი წლის წინანდელი სტატუსი წაუკითხავს. მეფერებიან. ვინც მას მართლა იცნოდა, იცის, რომ არ გადამიჭარბებია... არადა სტატუსს წელიწადში ორჯერ თუ დავწერ, არც კი. საჯაროდ ნათქვამი დოკუმენტური და ცხოვრებიდან პირდაპირ გადმოტანილი ამბავი სხვა ელფერს იღებს ხოლმე, ფუჭდება. მაგრამ რადგან დავიწყე, ვიტყვი:ბოლო დღეს, როცა მთლიანად ძალა(და სიცოცხლე)გამოცლილი საავადმყოფოში მიგვყავდა, მანქანაში ძლივს ჩავსვით. მახსოვს ჩემი მაშინდელი განცდა - ოპტიმიზმის ისტერია! მეგონა, თუ წამით მაინც დავუშვებდი, რომ ყველაფერი მთავრდება, ისიც აუცილებლად იგრძნობდა. მარტო ის კი არა, მთელი სამყარო იგრძნობდა. მეგონა, რომ ამ განწყობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა...


საავადმყოფოს რომ ვუახლოვდებოდით, ვღელავდი მანქანიდან გადმოყვანაზე, თითქოს მთავარი ეს იყო, ოღონდ საავადმყოფომდე მიგვეღწია და მერე უშველიდნენ...


ვკითხე, აბა როგორ ხარ-მეთქი. „როგორ და კარგად! ახლა ისე ვარ, ჩემი ფეხით გადმოვალ მანქანიდან!“ - ხმის ეს სიმტკიცე ახლაც ყურებში მიდგას და ტანში მივლის. გამიჭირდება სრულად გადმოვცე, რა ძალა იყო ამ პასუხში - ჩვენი დამშვიდების, ისევ ჩვენზე ზრუნვის, ბოლო ძალების მოკრების, სახის შენარჩუნების ვალდებულება... საავადმყოფოში სუნამოს და კოსმეტიკის წაღების ძალა... გაღიმების ძალა... ბოლომდე თამრიკოდ ყოფნის ძალა! არასდროს შემხვედრია ხასიათით ასეთი რბილი და შინაგანად ასეთი ძლიერი ადამიანი.



მანქანიდან მართლა თავისი ფეხით გადმოვიდა. ახლა, ერთი წლის შემდეგ, უკვე ვიცი, რა ჰქვია ამას... ახლა უკვე ვიცი, რომ ზუსტად იგრძნო დასასრული. ვიცი, რომ ბრძოლა კი არ შეწყვიტა, არამედ დაასრულა! 
და ეს იყო დასასრულის ყველაზე ღირსეული შეხვედრა.


პალატაში ფარდა გააფარეს, ყველანი გამოგვისტუმრეს. უკვე კორიდორში გამოსული უკან შევბრუნდი და დაფარდაში თავი შევყავი. თვალები გაახილა. ტკბილად, ძალიან ტკბილად გამიღიმა და ხელი დამიქნია. ამ უტკბესი ღიმილით დაიწყო და დასრულდა ჩვენი ამბავი...


და მეც ამ ძალით შევეშვი ფიქრს, „ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა“. მეც ამ ძალით ვამბობ მადლობას... მადლობა, რომ იყო... და მადლობა, რომ ასე ვუყვარდი - ასე მიყვარდა," - წერს ეკა ტოგონიძე სოციალურ ქსელში.