"ჰკითხეთ რატომ არ დადის "ჟიგულით" - დიმიტრი შაშკინი ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს

loading...

განათლების და მეცნიერების ექსმინისტრი დიმიტრი შაშკინი „ალიას“ ესაუბრა:

- აი, მართლა მარაზმის და სადიზმის გამოვლენაა, რომ ყველა აბიტურიენტი მაინც და მაინც ზაფხულში, პაპანაქება  სიცხეში შევყაროთ ერთ ოთახში და ასე ვაბარებინოთ გამოცდები. რა ხდება - კოლმეურეობაა? საბჭოეთში ვართ?! მართლაც სამარცხვინოა,  როცა ასეთი ფუნდამეტური პრობლემები გვაქვს და გამოდის მინისტრი და გვესაუბრება კონდენციონერზე და პასტაზე. ანუ, რეალური პრობლემიდან გადააქვს  ყურადღება. ხაზგასმით ვამბობ - ერთიანი ეროვნული გამოცდები აფერხებს განათლების განვითარებას. ამოწურა თავისი თავი. არსებობს შინაარსობრივი, ფუნდამენტური პრობლემები და როცა მოგვარდება ეს, მოგვარდება იმ კონდენცირების და პასტის პრობლემაც.


- როგორ?


- როდესაც შემოიღებენ იმ სისტემას, რომელიც ჩვენ დავუწერეთ და დავუტოვეთ, როცა მოსწავლე თავად გადაწყვეტს - როდის ჩააბაროს გამოცდები - ოქტომბერში თუ  ივლისში, ეს მოაგვარებს პრობლემას. თავისთავად დალაგდება ყველაფერი.


- ერთი საკითხია - კალამი. როგორი წესითაც არ უნდა ჩავატაროთ გამოცდები, ყოველთვის დაგვჭირდება კალამი. მინისტრი ამბობს, რომ დაუწესეს გარკვეული შეზღუდვები, რის გამოც ვერ წყდება ეს პრობლემა, თქვენ, როგორც ამ საკითხში ჩახედული ადამიანი, ყოფილი მინისტრი, რას გვეტყვით, რამდენად ქმნის ბარიერს სახელწიფო შესყიდვები?


- ჩემი მინისტრობის დროსაც ვიყენებდით ამ კალმებს და როგორ გახსოვთ, იდგა ეს პრობლემები? მოგახსენებთ –  ტენდერი მაშინაც ტარდებოდა. ამ საკითხს ვეკიდებოდით დიდი პასუხისმგებლობით, ბოდიში, მაგრამ  ბუნებრივია, თუკი კომისია ფეხეზე დაიკიდებს ტენდერის პირობებს, აირჩევს ყველაზე დაბალ ფასს და არ შეხედავს ხარისხს და ტენდერში გამარჯვეული კომპანიისგან არ მოითხოვს ხარისხის შენარჩუნებას, ბუნებრივია, მიიღებს  ამ შედეგს. სხვა რამეს რატომ ველოდებოდით?! ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერზე არ უნდა პასუხისმგებლობის აღება?! ჩვეულერივ კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე - ვიღაც აგებინებს ყველაზე დაბალფასიანს, მერე ვიღაცასთან მიდის "ატკატი", ხოლო სამინისტროში პროდუქტის  ნაცვლად მიდის ნაგავი. მაპატიეთ და, შეკითხვა მაქვს  ხელისუფლებასთან - საკუთარ ავტომობილებზე რომ აცხადებენ ტენდერებს, მილიონებს  რომ ხარჯავენ, რანაირად ახერხებენ რომ ასეთ ტენდერებში „ჟიგული“ არ იგებს?! ვინმეს გინახავთ, რომ ამ მთავრობაში, ასეთი „ტენდერების მსხვერპლი“, რომელიმე უწყების წარმომადგენელი „ჟიგულით“ დადიოდეს. „ტოიოტაზე“ და „ლექსუსზე“ ნაკლები ავტომანქანით რომელიმე გინახავთ?! რა გამოდის, რომ აბიტურიენტი, მოსწავლე დაბალი ღობეა. აბა, სამინისტროებში ნახეთ, როგორი კარგი და ხარისხიანი კალმებით წერენ.

    www.alia.ge