"რადგან დეფექტი მქონდა, მშობლებმა მიმატოვეს... წლების მერე ისეთი სიცივე ვიგრძენი დედისგან..."

loading...
თამარ (ბუდე) აბრამიშვილი, თბილისი
„აქ, ახლა სადაც ვცხოვრობ კასპის სოფლის ახალქალაქიდან მოვხვდი. იქ ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, სკოლაც იქ დავამთავრე და შემდეგ ტექნიკუმში ვსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგ კავშირგაბმულობაში გამანაწილეს ოპერატორად. ეს საერთო საცხოვრებელიც კავშირგაბმულობას ეკუთვნის და ამიტომ მოვხვდი აქ. თუმცა, ის ჩემი სამსახურიც დაიხურა და დავრჩი ასე...
როგორც კი გავჩნდი, რადგან დეფექტი მქონდა, მშობლებმა მიმატოვეს და სამშობიაროდან კასპის ბავშვთა სახლში მოვხვდი. 17 წლამდე მანდ ვცხოვრობდი. ბავშვთა სახლში ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სიმშვიდე და სიწყნარე იყო. ხანდახან ვნატრობ, ნეტავი ისევ იქ ვიყო.
მე ჩემი მშობლები წლების მერე ვნახე, მაგრამ ჯობდა ჩემთვის ვყოფილიყავი. მათი პოვნა არც ისე რთული იყო, მაგრამ ჯობდა საერთოდ არ მეპოვა. აზრი არ აქვს. ისეთი სიცივე ვიგრძენი, რომ უკეთესი იქნებოდა, სამარე გამეხსნა ჩემთვის. კი ვნანობდი მერე, აზრი არ აქვს. თავიდან მშვიდად იყვნენ, მაგრამ მერე დაიწყეს ბინაზე შფოთვა, რომ არ წამერთმია. დედმამიშვილი დამხვდა და იფიქრეს, რომ ბინის წილს მოვინდომებდი. ხომ იცი როგორ ხდება? „რძალს მოიყვან, ინვალიდი მული ეყოლება...“
იცი, ტვინის უჯრედში სიცივე უფრო რატომ მაქვს? დედაჩემსაც და მეც ერთი სახელი გვქვია. მამის გვარი სხვა არის და მე დედაჩემის სახელი და გვარით ვარ. მეუბნებოდა გვარი შეიცვალეო. ამიტომ, არ მომწონს, როცა სახელს მეძახიან. ბუდე მირჩევნია.
დედაჩემს მუცლის მოშორება უნდოდა, რამდენადაც ვიცი ორი ნაყოფი ჰყავდა, მაგრამ ვერ მომიშორა და ასეთი დავიბადე. ეს ამბავი რომ მომიყვა, ვუთხარი, ჯობდა არ მოგეყოლა საერთოდთქო.
იცი, რა დარტყმა იყო, რომ მივედი და კარები გააღო? ლამის შემომაკვდა. ბრაზი და აგრესია მქონდა. როგორია ადამიანის ნახვა რომ არ გინდა და კარს ხსნი და შენი შვილი გეფეთება? უარესი დარტყმა მივიღე. როგორც მივედი, ისევე ავიკრიფე ჩემი გუდა-ნაბადი და წამოვედი ისევ აქ, საერთო საცხოვრებელში.
არ მიყვარს ეს სიტყვა „დედა“, არ მიდის ჩემს გულამდე. 
ახალი წელი რომ მოდის, მარტო ვარ. როგორია დგახარ შენთვის იმ კარებში, რომელშიც არავინ შემოდის ახალ წელს. მერე ტელეფონსაც ვთიშავ და ვარ ჩემთვის მარტო. აქ კი მეპატიჟებიან ხანდახან, მაგრამ მარტო ყოფნა მირჩევნია. დილით რომ მკითხავენ სად იყავიო, ვატყუებ, ნათლიასთან ვიყავითქო, ამ დროს კი, ისევ აქა ვარ, ჩემს ბინაში. ძნელია, არავინ რომ მოგდის.
ძალიან მიჭირს, მაგრამ ვუძლებ ამ სიტუაციას. ჩემი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა. დრო და დრო ვეძებ სამუშაოს, მაგრამ ძალიან რთულია რამის პოვნა. სახლში თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, საჭმლის გაკეთება იქნება ეს თუ სარეცხი. აბა, სხვა ვინ გამიკეთებს?! ვის უნდა სთხოვო?! სანამ მაჯა გაქვს უნდა მიხედო თავს, სხვა გზა-კვალი არ არის. უბრალოდ, ის არის, რომ მარტოობა მძიმე ტვირთია. მიჩვეული კი ვარ, მაგრამ დღესასწაულებზე მაინც მარტო ყოფნა გულს მიკლავს. როგორია, ფანჯარაში იყურები და შენ ისევ მარტო ხარ?!
12 თუ 13 კვადრატული მეტრია ჩემი საცხოვრებელი. საერთო აბაზანა-ტუალეტია. ძნელი პირობებია აქ ჩემთვის. ერთი ქალი მეუბნებოდა, განცხადება დაწერე დევნილთა და განსახლების სამინისტროში ბინაზეო. რა აზრი აქვს?! აქედან მაინც მოვშორდებოდი, ჩემი ერთი ოთახი და პირობები რომ მქონდეს, სხვის შემხედვარე რომ არ ვიყო. ხანდახან ნათლიაჩემთან მივდივარ და ვრჩები. იქ მშვიდად ვარ. აბაზანაში მაინც შევდივარ ჩემ გემოზე.
პენსია 14 რიცხვშია ხოლმე, მაგრამ მანამდე რა ვქნა? ან ვის რა უნდა მოვთხოვო, ბავშვო?! არც კომპიუტერი მაქვს და ეს მობილურიც გაფუჭებულია, რომ ვინმემ დამირეკოს.
ჩემი მდგომარეობა რომ გავაცნობიერე, თავისთავად განვიცადე. ახლა თითქოს მივეჩვიე, მაგრამ ხან ისე ვარ, ხან ასე. მაგრამ ხო იცი? შენი ქვა შენ უნდა ატარო. ასე ვატარებ სიმწრის ქვას ყოველდღე. მეტი რა გზა მაქვს?! რა ვქნა?! ოცნებით თუ ვიოცნებე, სული გამძვრება. დამთავრდა ჩემი ოცნებები. მაღლა ღმერთის იმედი მაქვს მარტო, მეტი არაფრის იმედი აღარ მაქვს.“
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი


© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან