ბერიას ბრძანებით დახვრეტილი მასწავლებელი, რომელმაც სურებში პირველი სასწავლებელი გახსნა...

ჩოხატაურის სოფელ სურები ბევრ სახელოვან ადამიანთან ასოცირდება. 

სურებში დაიბადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი ნოე რამიშვილი და სურებში დაიბადა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ისიდორე რამიშვილი, რომელმაც 1890-იან წლებში სოფელში ორკლასიანი სასწავლებელი გახსნა.

ისიდორე რამიშვილი. 1859  წლის 7 ივნისის დაიბადა სურებში გლეხის ოჯახში დაიბადა. 1871 წელს ჩაირიცხა ოზურგეთის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, დაუახლოვდა რევოლუცინერ სილიბისტრო ჯიბლაძესა და მომავალ მემარცხენე ბელეტრისტ ეგნატე ნინოშვილს.

1878-85 წლებში ჯიბლაძესთნ ერთად სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. გახდა მემარცხენე ხალხოსნური იდეების მიმდევარი. გოლა ჩიტაძესთან ერთად, მონაწილეობას იღებდა "ქარგალთა კავშირის” მეცადინეობებსა და სემინარიის შიგნით წარმოებულ რევოლუციურ საქმიანობაში.

მან დააფინანსა თავდასხმა სემინარიის რექტორ ჩუდეცკიზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხულმა მოსწავლემ, იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მოკლა.

1886 წელს გახდა სოფლის მასწავლებელი წინამძღვრიანთკარის კერძო სკოლაში. ოც წელიწადზე მეტ ხნის განმავლობაში იყო მასწავლებელი იმპერიის სხვადასხვა დასახლებაში. 1887-93 წლებში ასწავლიდა მის მიერვე დაარსებულ და აშენებულ სურების სკოლაში. თაოსნობდა გურიის სახალხო ბიბლიოთეკის გახსნას.

1892 წლის 25 დეკემბერს ისიდორე რამიშვილი დაესწრო ქართველ მესამე დასელთა პირველ კონფერენციას ყვირილაში. 1897-1903 წლებში ასწავლიდა ბათუმის სკოლაში. ამავდროულად იყო ადგილობრივი მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის ბაზრის ცენტრში გახსნა ბიბლიოთეკა. საგანმანათლებლო რევოლუციური წრეების ორგანიზატორი.

1901 წელს მეთაურობდა ბათუმის როტშილდის ქარხნის მასობრივ გაფიცვას. 1903 წელს გადაასახლეს ჯერ კავკავში, შემდეგ პეტროვსკში. 1905 წლის რევოლუციიის დროს იყო თბილისში სომეხ-თათართა შეტაკების საწინააღმდეგო კამპანიის ლიდერი.

1906 წელს მონაწილეობდა რსდმპ სტოკჰოლმის ყრილობაზე. იყო რუსეთის პირველი მოწვევის დუმის დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი და პირველი ქართველი დეპუტატი, რომელიც დუმის ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა.

1907-08 წლებში იყო რსდმპ-ს ლონდონის ყრილობის დელეგატი ბაქოდან. ხელმძღვანელობდა ბაქოს მენშევიკური ჯგუფს. 1909-14 წლებში გადასახლებული იყოასტრახანის გუბერნიაში, ხოლო 1914-17 წლებში _ სამარაში.

1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. 1917-18 წლებში იყო აზერბაიჯანის შრომის მინისტრი. 1918-19 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

1918 წლის აპრილში გენერალ მაზნიაშვილს ეხმარებოდა გურიაში შეჭრილი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდეგ კი იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთში.

1922 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნაძალადევის კლუბში გამართულ მიტინგზე გამოვიდა ანტისტალინისტური სიტყვით, რის გამოც დაიჭირეს და 15 წელი გაატარა გადასახლებაში მოსკოვის გუბერნიაში, ასტრახანში, ბაქოში, ტაშკენტში, ხოდჟენტში, ვლადიკავკაზში. 1937 წელს ბერიას ბრძანებით დახვრიტეს თბილისში.


www.gurianews.ge