Loading the player...
"თუ ჩემმა მიწოდებულმა პურმა რომელიმე რუსი ჯარისკაცი წუთით მაინც დააფიქრა.."

loading...

"პურს ხომ არ მიირთმევდით..." - ასე დაიწყო საუბარი ვენერა ბებოსა და ჩემს შორის.

ვენერა ბებო სოფელ დიცში ცხოვრობს. უკვე 80 წლისაა და სოფლის ცხოვრებამ მის თვალწინ გაიარა. მის თვალწინ  გაიარა  კონფლიქტის ზონაში განვითარებულმა მძიმე ისტორიებმა და 2008 წლის აგვისტოს ომმაც.

"პურს ხომ არ მიირთმევდით..."- მკითხა და როცა თანდათან საუბრის განწყობაზე  დადგა, გავიგე, რომ სწორედ ამ პურმა, მისმა სურნელმა და ვენერა ბებოს მადლიანმა თანადგომამ 2008 წლის აგვისტოში ბევრ რუს ჯარისკაცს გაახსენა დედობრივი სითბო  და  ომის სასტიკ რეალობაში ალბათ ცოტა ხნით მაინც დააფიქრა ომის ტრაგედიასა და მის უმიზნობაზე.

მივირთმევდი ვენერა ბებოს შემოთავაზებულ პურს და ვისმენდი ერთი პატარა სოფლის ფოკუსში ნაჩვენებ ომის სასტიკ ისტორიებს...

 "თუ ჩემმა მიწოდებულმა პურმა რომელიმე რუსი ჯარისკაცი წუთით მაინც დააფიქრა და სინდისი მცირე ხნით მაინც გაუღვიძა, ესე იგი ჩემი ადამიანური ვალი მომიხდია" - ასე ამბობს თვითონ და დარწმუნებულია, რომ მტერს სიყვარული უნდა უჩვენო. ასეთ დროს ცხოველად ქცეულ მეომარში  ადამიანობის  გაღვიძების იმედი აქვს და იქნებ, არ ცდება კიდეც.

2008 წლის ომამდე ვენერა ბებოს ერთი შვილი მოუკლეს. მეორე შვილს კი აგვისტოს ომის დროს სოფელის დატოვება სთხოვა  და თვითონ სახლის პატრონობის პირობა მისცა.  ომის პერიოდში დღე ღია ცის ქვეშ, ღამე კი ბუნკერებში გადიოდა. 

“მათთვის ცხელი პურიც მიმიწოდებია, ღვინოც და არაყიც. ღორი დამიკლეს, სამი სული საქონელი წამართვეს. ჭუკებს თავებს აცლიდნენ, მდუღარე წყლის გარეშე პუტავდნენ და ისე ჭამდნენ“ - რუსი ჯარისკაცების შესახებ ყვება გულნატკენი.

ყველაზე მეტად ჟურნალისტებთან მეგობრობს. უხარია, რომ ჩვენ აქაურების სატკივარი სოფლის გარეთ  მიგვაქვს და როგორც თვითონ ამბობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჟურნალისტები დღემდე  ხშირად სტუმრობენ და ვენერა ბებო მათ გულთბილ მასპინძლად ბოლომდე რჩება.

ვენერა ბებოს პურმა  90-იანი წლები და ჩემი ბავშვობა გამახსენა. ზაფხულის ცხელ დღეებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში ვატარებდი. ბებიაჩემი, რომელსაც დიცელი ბებოს მსგავსად ვენერა ჰქვია, გასაჭირით სავსე წლების მიუხედავად მუდამ ცდილობდა შვილიშვილებისთვის არაფერი დაეკლო. ყოველთვის მემახსოვრება დილით, კეცზე გამომცხვარი პურის გემო  და ის სითბო, რომელსაც ბებია-შვილიშვილობა ქვია.

იქ, სოფელ დიცში  ახლაც მძიმე მდგომარეობაა. კონფლიქტისა ზონა ისევ კონფლიქტის ზონად რჩება, მაგრამ ვენერა ბებო ოპტიმისტია. მისი  შვილი ომმა შეიწირა, შეესწრო უამრავ სისასტიკესა და ნახა, როგორ დაამარცხა ადამიანში სიკეთე ბოროტებამ,  თუმცა ეს მარცხი საბოლოოდ არ მიაჩნია, რადგან ისევ ჯიუტად სჯერა მისი გამომცხვარი პურის მადლის.




www.
gurianews.com