ქეთინო ექთანი თხილამურებით, თოფით და სურებლები "ვინმე ღვთისნიერის" მოლოდინში ....

35 წელია ქეთევან სოროზანიშვილი სოფელ ზემო სურების მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პროფესიით ექთანს ექიმის ფუნქციების შესრულება ხშირად უწევს _ განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობისას.

როცა სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანა ასვლას ვერ ახერხებს, ქეთინო ექთანი მთიდან მთაზე ხან ფეხით, ხან ცხენით, ხან კიდევ სახელდახელოდ გაკეთებული თხილამურით გადადის.

სამეციდინო ნივთებთან ერთად ყოველთვის ატარებს თოფს _ სურებში დათვი და მგელი ყველგან შეიძლება შეგხვდეთ.

_ ეს ბავშვი ქეთინო ექთანის "ამოყვანილია"; ეს კაცი ქეთინო ექთანმა გადაარჩინა; ქეთინო ექთანი რომ არა, ვერ გადავრჩებოდი, _ ასეთ კომენტარებს სოფელში ბევრს მოისმენთ.

როგორც სურებლები ყვებიან, მაშინ როცა ქეთინო ექიმს ახალგაზრდა მეუღლე სახლში გარდაცვლილი ესვენა, მაღალ მთაში, ხრამში გადავარდნილი ადამიანის დასახმარებლად ისე წავიდა, რომ არც კი დაუწუწუნია. 

ქეთევან სოროზანიშვილს საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, არც მის გასაჭირზე გიამბობთ რამეს _ მთავარია, სხვას არ უჭირდეს.

არადა, როგორც თანასოფლელები ამბობენ სათქმელი და პრობლემა ბევრი აქვს _ ბოლო პერიოდში კი მისი საზრუნავი ცხენი გახდა, რომელიც, როგორც გავიგეთ 20 წელია ქეთინო ექთანთან ერთად ერთგულად ემსახურება სოფელს და რომელსაც უკვე სიარული უჭირს.

_ ექთანის ხელფასი მცირეა და იმ ხელფასით ცხენის ყიდვა რთულია. იმედია ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და ქეთინო ექთანსაც დაეხმარება და სოფელსაც,  _ ამბობენ სურებში, სადაც, როგორც ჩანს  "ვინმე ღვთისნიერის" მოლოდინი ბარიდან აქვთ და მათზე მუდამ მზრუნველი ექთნის დახმარებას სხვას სთხოვენ.


www.gurianews.com