ფერმერი ორი დიდი საფიქრალით...

loading...
"მარწყვის მიმართ ინტერესი ინტერნეტში აღმოჩნილმა მასალებმა გამოიწვია, სადაც ჩემმა შვილმა მოყვარულ მემარწყვეთა მიერ გაშენებული სათბური ნახა“ - ვიდრე ერთადერთი ვაჟი ავღანეთში ცივილური სამყაროს ინტერესებს იცავს, მამამ ოკუპირებული ქართული მიწების მოსაზღვრედ შვილის იდეა განახორციელა და მის განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს, სოფელ ხურჩაში.
 
ხუჩაში ჩასასველელად ზუგდიდიდან 16 კმ-ის გავლა მოგიწვეთ, სოფელი ოფიციალურად 120 -კომლიანია. მუდმივად ადგილზე 85 კომლი ცხოვრობს, ახლა გაცილებით მშვიდად, ვიდრე 23 წლის წინათ იყო. აფხაზეთის ომის დროს სოფელი საომარ ტერიტორიად გადაიქცა. საქართველოში იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, სოფელს ენგურის მარცხენა სანაპიროზე, უკვე აქვს თანამედროვე საბავშვო ბაღი, მინი-სტადიონი, ამბულატორია, ბიბლიოთეკა. ხურჩაში მოქმედებს ქვა-ღორღის გადამამუშავებელი საწარმო და სოფელს ჰყავს ფერმერი ჯამბულ ეხვაია.
„პირველად 100 ძირი მარწყვი დავრგეთ, რომ გვეცადა, როგორ გამოგვივიდოდა" - ეხვაიების მცდელობამ გაამრთლა, თანაც ისე რომ დღეს ჯამბულ ეხვაია საოჯახო მეურნეობას და სათემო კავშირ „ხურჩას“ ერთდროულად ხელმძღვანელობს.

ფერმერს მარწყვის ორი სხვადასხვა ზომის სათბური საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ აქვს მოწყობილი. ინტერნეტშივე ამოიკითხა, როგორ დაერგო, მოევლო და როგორ მოეყვანა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მალევე ბიოაგროს დაუკავშირდა და ყველა საჭირო პრეპარატი უკვე სოფელ ხურჩაში აქვს. ინტერნეტითვე გამოიწერა და მეგრულ მიწაზე ჰოლანდიური ჯიშის მარწყვი მოჰყავს.

"ტრენინგების მეშვეობით დავეუფლეთ კომპოსტის წარმოებას“, - ამბობს ჯამბულ ეხვაია და გვაჩვენებს სპეციალურ დანადგარებს, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ბუნებრივ ნარჩენს კომპოსტირებისთვის ამუშავებს, ანუ ნიადაგის გასაუმჯობესებელ ორგანულ სასუქს აწარმოებს.

"ახლა სარეველას ერთი ფოთოლიც კი აღარ იკარგება. შესანიშნავი ორგანული სასუქი გამოდის, რომელიც მდიდარია ფოსფორით, აზოტით, მიკროელემენტებით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ასეთი ორგანული სასუქი 4 წლის განმავლობაში მოქმედებს" - გვიყვება ფერმერი და ამბობს, რომ კომპოსტირების წესით დამუშავებული სასუქით თხილის პლანტაციასაც ანაყოფიერებს. მშობლიურ, ანაკლიის ჯიშის თხილს ახლოს, შორეული იტალიური ჯიშის ნერგი დაურგო, კომპოსტი და ბიოპრეპარატები გამოიყენა და შედეგმაც არ დააყოფნა, გასულ წელს დარგულმა თხილმა პირველი, ცხადია მცირე, მაგრამ ნაყოფი მაინც მოისხა.

ბიოსასუქით განაყოფიერებულ ნიადაგზე, ფერმერს საზამთრო, ნიორი, პომიდორი და კიტრიც მოჰყავს. ამბობს, რომ კომპოსტიტების მეთოდი მცენარეებს პათეგონებისგან იცავს და პრობლემატური ნიადაგის სტრუქტურას აუმჯობესებს.

ჯამბულ ეხვაია ცოდნას ახლა ადგილობრივ მოსახლეობას უზიარებს. მისი ხელმძღვანელობით სათემო კავშირი "ხურჩა" ბიო-აგრო პროდუქტების წარმოების დანერგვაზე მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია, მოსახლეობას ნიადაგზე ზემოქმედების საშუალებები და მიწის ნაყოფიერების გაზრდის მეთოდები ასწავლოს.

ფერმერს არც გარემოს ესთეტიური მხარე ავიწყდება - ეხვაიების ეზოში უხვადაა სადედოფლო კამელიები, აზალიები, ახლადშეფოთლილი ვარდები, ფურისულები. ხურჩაში უკვე აყვავდა ტყემლისა და ატმის ხეები, რომელთა სურნელი აქაურ გარემოს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის, ეს ახლა! კონფლიქტის დროს ჯამბულ ეხვაიას ეზოში ცეცხლის სუნიც იდგა, ფერმერს ორჯერ გადაუწვეს სახლ-კარი, თუმცა ვერ გატეხეს, პირიქით წარმატებული კაცის ამბავი ამის შემდეგ დაიწერა, კაცის, რომელსაც ორი დიდი საფიქრალი აქვს - სამხედრო ფორმაში შვილი ცხელ მიწაზე და ენგურს გაღმა დარჩენილი საქართველო!

ავტორი: სოფო ბერიძე



www.businesscontract.ge