ერთი გმირი ექიმის იმედად დარჩენილი პირაქეთა ხევსურეთის 34 სოფელი - ადამიანებისთვის მიძღვნილი სიცოცხლე!

loading...

ლელა გაბური ხევსურია, არხოტიონი. ხუთი წელია რაც თბილისიდან მთაში დაბრუნდა და მეუღლესთან, გიორგი ლიქოკელთან ერთად ხევსურეთში ცხოვრობს. ლელა ექიმია, ბარისახოს ამბულატორიის ხელმძღვანელი. ემსახურება 34 სოფელს, დათვიჯვარს აქეთ მთელ პირაქეთა ხევსურეთს და კავკასიონს გადაღმა არხოტის თემსაც.

თუმცა ამ 34 სოფელში სულ 150 კომლი თუ იქნება, მაქსიმუმ 500 ადამიანი. ისედაც დაცლილი ხევსურეთი ზამთარში კიდევ უფრო უკაცრილდება. მოსახლეობა ძირითადად 2 სოფელში რჩება: ბარისახოსა და კორშაში. ზემოთ სოფლებში ალაგ-ალაგ თუ იზამთრებს ვინმე, მათთან მიღწევაც კი საკმაოდ ჭირს, ბევრგან დღემდე არ იჭერს ტელეფონი და ეს ადამიანები, პირდაპირი გაგებით, ღვთის იმედად არიან.

„ზოგ სოფელში ერთი-ორი კაცია, მაგრამ ეს თითო-ოროლა ადამიანი აქ, ამ საზღვრისპირა რეგიონში მთელ საქართველოს ნიშნავს“, - ამბობს ლელა გაბური.

განსაკუთრებით რთულია ზამთარი ხევსურეთში. ყველაზე მთავარი პრობლემა უგზოობაა. გვიანი შემოდგომიდან პირიქითა ხევსურეთისკენ სამანქანე გზა აღარ ფუნქციონირებს, დათვიჯვრის უღელტეხილი იკეტება და შატილში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება. ბარისახო, პირაქეთა ხევსურეთის ცენტრია და იქამდე მიმოსვლა იშვიათად წყდება.

ლელა გაბურის აზრით, კარგ ამბებზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ: ის, რომ მისი მშობლიური არხოტისკენ გზა გაჰყავთ, განსაკუთრებული მოვლენაა. მისი ბებია-პაპების ოცნება ახდება და არხოტი დანარჩენ საქართველოს დაუკავშირდება.

იქნებ რამდენიმე ოჯახი კიდევ დაბრუნდეს იქ. გზა რომ იქნება, არხოტიონების ჯანმრთელობისა და სხვა პრობლემებსაც უფრო იოლად მოვაგვარებთ. არხოტში ხომ დღემდე ტელეფონიც არ იჭერს. ოფიციალურად მათაც ვემსახურებით, მაგრამ, რეალურად ამას ვერ ვახერხებთ.  

- ლელა, ორი წლის წინ იყო შემთხვევა, როცა ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა არხოტში, მას სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს...

- კი, დაკავშირება გაჭირდა მაშინ, მერე ვერტმფრენმაც დაიგვიანა.

- თქვენს რეგიონს განსაკუთრებით სჭირდება სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც ქვეყანას არ ჰყავდა. ეს პრობლემა თუ მოგვარდა?

- რამდენადაც ვიცი, ვერტმფრენის პრობლემა მოგვარდა. უნდა აღვნიშნო, რომ „სამაშველო სამსახურის“ ფუნქციას ხევსურეთში მეტწილად მესაზღვრეები ასრულებდნენ... არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა დაზარალებული ადამიანი მესაზღვრეების ოპერატიულ და თავდადებულ მოქმედებას გადაურჩენია.

- ჯანმრთელობის დაცვის კუთხით რა ძირითადი პრობლემები არსებობს თემში?

- ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ აქ საკმაოდ უჭირს ხალხს: მოსახლეობის უმეტესობას ასაკოვანი ადამიანები შეადგენენ. არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა პაციენტისთვის რეცეპტი გამომიწერია და უთქვამთ, რომ მხოლოდ პენსიის აღების შემდეგ შეძლებდნენ წამლის ყიდვას.  

ჩვენს საქმეს ართულებს ისიც, რომ ხშირად ექიმთან დაგვიანებით მოდიან. პაციენტებისთვის ყოველთვის მიწევს იმის შეხსენება, რომ დროული მიმართვა კარგი შედეგის გარანტიაა. მე აქ იმისთვის ვარ და სახელმწიფო იმაში მიხდის ხელფასს, რომ რის გაკეთებაც ადგილზე შეიძლება, ყველაფერი გავაკეთო დროულად და ხარისხიანად, და თუ რაიმე განსაკუთრებული რისკი არსებობს, ისიც დროულად შევაფასო. როგორც გითხარით, ჩვენი ბენეფიციარების უმეტესობა მოხუცია და მათ ხშირად დანიშნულების შესრულებაც კი უჭირთ, ამიტომ ორივე მედდას, რომელიც ჩემთან მუშაობს, საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს... მათ ხშირად კარდაკარ უწევთ სიარული თითოეულ ავადმყოფთან.

კარგი იქნებოდა აქ, ადგილზე  ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადაც  ყოფილიყო.  დუშეთის „ჯეოჰოსპიტალიდან“ წამოსულ სასწრაფოს ბარისახომდე და უკან თითქმის 140 კმ-ის გავლა უწევს, რასაც 3 საათზე მეტი სჭირდება, ეს კი ძალიან დიდი დროა მწვავე და გადაუდებელი შემთხვევების დროს.

ასევე სტომატოლოგის შტატისა და ხელფასის გამოყოფის თაობაზე ჩვენ მივმართეთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებიან .

ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო ძალიან გვიდგას მხარში. დაფინანსების გაზრდამ საშუალება მოგვცა ხელშეკრულებით აგვეყვანა პედიატრიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აქაურებისთვის. ახლა ის პატარები, რომლებიც ხევსურეთში იზამთრებენ, კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იღებენ და მათი მშობლებიც თავს უფრო დაცულად გრძნობენ.

სიახლეა ისიც, რომ გასულ ზაფხულს ფრანგმა მეგობრებმა გვაჩუქეს სტომატოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობა და მალე სტომატოლოგიც გვეყოლება.   

- ლელა, წეღან პედიატრი ახსენეთ, რამდენი ბავშვია ხევსურეთში?

სამწუხაროდ, ხევსურეთში შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. წელიწადში ერთი ბავშვი თუ იბადება.

ჩემი მეუღლისგან მსმენია, რომ ადრე ბარისახოს სკოლაში, რომელიც მთელ პირაქეთა ხევსურეთს ემსახურება, 400-500 ბავშვი სწავლობდა, ახლა კი მხოლოდ 65 მოსწავლეა.

- ლელა, რამდენად რთულია დღეს ქალისთვის მთაში ცხოვრება?

- რთულია ძალიან. ბარში კი დავიბადე, მაგრამ მე და ჩემი და-ძმები ზაფხულში აქ ვიყავით, არდადეგებს ხევსურეთში ვატარებდით, თითქოს შეჩვეული ვიყავი აქაურობას, მაგრამ  მუდმივად ცხოვრება გაცილებით რთული აღმოჩნდა. ძალიან მოუწესრიგებელია გზა, ჭირს მოძრაობა.

ყველაზე რთულია ის, რომ ადამიანური ურთიერთობის დეფიციტია. კიდევ კარგი, ხშირად გვაკითხავენ მეგობრები, თორემ აქ ყოფნა ძალიან გამიჭირდებოდა.

მთავარი მოტივაცია, რაც აქ მაძლებინებს, ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე და ჩემი  ქვეყანა, ამას ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ. გრძნობ, რომ ჯარისკაცივით ხარ და შენი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მაძლებინებს ალბათ, სირთულეების დაძლევაში ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლის, ოჯახის წევრების - შვილების და შვილიშვილების , მეგობრების  მხარდაჭერა. მათთან ერთად და მათთვის შეუძლებელის გაკეთება ძნელი აღარ არის. ზუსტად ვიცი, რომ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე.

www.mtisambebi.ge